пятница, 29 ноября 2013 г.

რელიგია და კონფლიქტი

"Religions have an unparalleled ability to reach out to people at the grassroots and to touch hearts and minds."

- Olav Kjørven, UNDP 

სიტყვიდან religere (მოწიწებით პატივისცემა) რელიგია ნიშნავს მოკრძალებითა და სიფრთხილით მოეკიდო წმინდას, ზებუნებრივი ძალის მქონე არსებას, ყოველივე ამქვეყნიურისაგან განსხვავებით.

სხვა მნიშვნელობით, religio არის ადამიანების შიშნარევი დამოკიდებულება წმინდა არსებებისადმი. ეს არის კეთილმორწმუნის შიში რათა რაიმეთი არ შეურაცხჰყოს ღვთაებრივი არსება(ნი). აქედან გამომდინარე ზედსართავმა სახელმა "რელიგიური" - მორჩილის, ღვთისმოშიშის მნიშვნელობა მიიღო.
   ჩინეთში რელიგიას უწოდებენ ჩიაოს, რაც ნიშნავს მოძღვრებას. ინდოეთში სიტყვა დჰარმა - ნიშნავს წესრიგს. არაბულში კი დინ - აღნიშნავს სიტყვა რელიგიას და ითარგმნება როგორც ღვთაებრივი განგება.
 რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. 

დღესდღეობით მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით.რელიგია შეიძლება იყოს მონოთეისტური (ერთი ღმერთის რწმენა), პოლითეისტური (მრავალი ღმერთის რწმენა) და დუალისტური ( ორი თანაბარი ძალის არსებობის აღიარება: ბოროტისა და კეთილის). უდიდესი, დახვეწილი რელიგიების გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.
   მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).    

ათეიზმი (150, 2,5%)

  • ქრისტიანობა (1943, 32,8%)
  • კათოლიციზმი (1027)
  • პროტესტანტიზმი (316)
  • მართლმადიდებლობა (214)
  • ანგლიკანიზმი (64)
  • სხვა მიმდინარეობები (322)
  • ისლამი (1165, 19,6%)
  • სუნიზმი (1050)
  • შიიზმი (115)
  • ინდუიზმი (762, 12,8%)
  • ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
  • ბუდიზმი (354, 6,0%)
  • ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)  


  •   რელიგია გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და მის მსოფლმხედველობაზე,დღეს თუნდაც საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ ძალიან ბევრს საუბრობენ რელიგიურ დაპირისპირებებზე,შეიძლება კი რელიგია სათავედ დაედოს კონფლიქტს? და როდის არის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი?  


    იმისათვის, რომ რელიგიური მახასიათებლით აღვწეროთ კონფლიქტი, არ არის საკმარისი მხოლოდ ის,რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები იყვნენ. რელიგია უნდა იდგეს კონფლიქტის დღის წესრიგში. რელიგია უნდა იყოს კონფლიქტის საკითხი, ან კონფლიქტი, მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთის მიერ მაინც, უნდა გაიაზრებოდეს გამოკვეთილი რელიგიური ტერმინებით. ამასთანავე, ერთ-ერთი მხარე უნდა მოელოდეს სხვა ქვეყნებში ერთმორწმუნეთა გაერთიანებას, როგორც კონფლიქტზე რეაქციას. შეიძლება ისაუბრო კონფლიქტში რელიგიის ფაქტორის ჩართვაზე, თუ ქვემოთმოყვანილი პირობებიდან ერთ-ერთი მაინც დაკმაყოფილებულია: 
    1. ერთ-ერთი მხარე მაინც მიმართავს აზროვნების რელიგიურ ასპექტს, რათა მოახდინოს კონფლიქტური ქცევის დაკანონება. 
    2. პარტიათა პოლარიზაცია განმტკიცებულია რელიგიური იდენტურობით ან თეოლოგიური პერსპექტივებით 


    დიახ,რელიგიაზე კამათობენ,შესაძლოა ეს ყველაფერი დიდ კონფლიქტშიც გადაიზარდოს,თუმცა თუ ჩავუღრმავდებით სხვადასხვა რელიგიას მათ შორის ძალიან ბევრ საერთოსაც ვიპოვით,თითოეული მათგანი თუნდაც განსხვავებულად მოყვასის სიყვარულისაკენ,სიკეთის კეთებისკენ,რწმენით ცხოვრებსკენ მოგვიწოდებს,არსადაა ნათქვამი ჩაქოლეთ განსხვავებული რწმენის ადამიანი და ამის გამო დახოცეთ ერთმანეთიო.ყოველი რელიგია კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ და სიმშვიდისკენ,პატიებისკენ მოგვიწოდებს.

    მაგ: ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა), 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

    ბუდიზმში ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

    1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
    2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
    3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
    4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
    5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
    6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
    7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
    8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.
    ქრისტიანული სწავლება გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:


    1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
    2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
    3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
    4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
    5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
    6. არა კაც-ჰკლა.
    7. არ იმრუშო.
    8. არ იპარო.
    9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
    10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. 

    თითოეულ რელიგიას თავისი პრინციპები აქვს მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია მათში ძალიან ბევრი საერთოს დანახვა.
    ყოველ ჩვენგანს გვიყვარს ჩვენი რელიგია,მაგრამ ჩვენ რომ დავბადებულიყავით ჩინეთში,ირანში ან კიდევ ნებისმიერ სხვა ადგილას განა ისევე არ გვეყვარებოდა ის რელიგია რომლის სულისკვეთებითაც აღვიზრდებოდით?!

    ნებისმიერი რწმენის მქონე ადამიანი როდესაც კონფლიქტში შევდივართ რელიგიურ ან სხვა ნიადაგზე,იქნებ სჯობს წინასწარ დავფიქრდეთ რას მოგვიწოდებს ჩვენი რელიგია,რა საერთო შეიძლება გვქონდეს კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარესთან?!

     შეიძლება ითქვას რომ რელიგია კონფლიქტის მოგვარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს თუკი გავიაზრებთ მას.მიუხედავად სხვდასხვა რწმენისა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მეორე მხარე ისეთივე ადამიანია როგორც ჩვენ და თითოეული რელიგია უმეტეს შემთხვევაში მიმტევებლობისკენ მოგვიწოდებს.

    წყარო: წიგნი მსოფლიო რელიგიები - დავით თინიკაშვილი,  ზურაბ ჯაში
    ფოტოები- www.google.com


    вторник, 19 ноября 2013 г.

    მედიაცია - დავის ალტერნატიული მოგვარება

       საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით  პოპულარული გახდა სიტყვა მედიაცია.რას წარმოადგენს ეს ინსტიტუტი? 
      დავების გადაწყვეტის საშუალებების სხვადასხვა ისტორიულ გარემოებებში განვითარებამ უამრავი მეთოდის და ფორმის წარმოშობა განაპირობა. ერთ-ერთი ფორმა დავის ლტერნატიული მოგვარების არის სწორედ მედიაცია.
       მედიაციას ხშირად ახასიათებენ როგორც, კონფლიქტის მენეჯმენტისა და მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის საუკეთესო შესაძლებლობას.  

       ზოგჯერ დოქტრინაში მედიაციის ცნებას გაურკვეველს და ბუნდოვანს უწოდებენ და მას მოიხსენიებენ როგორც საერთო სახელს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განსხვავებული მოდელებისათვის.
     მაგალითად: US National Centre for State Courts მედიაციას განსაზღვრავს როგორც, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ პროცესს, რომლის დროსაც დავის მხარეები ცდილობენ ნეიტრალური მესამე პირის დახმარებით და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით იპოვონ უთანხმოების აღმოფხვრის ორივე მხარისათვის მისაღები ვარიანტი. ეს დეფნიცია თითქმის სიტყვასიტყვით არის გამეორებული შტატების უმრავლესობის კანონმდებლობაში.
         როგორც გერმანელი ადვოკატების ერთი ნაწილი თვლის, მედიაცია გულისხმობს ინტერესებს პრეტენზიების ნაცვლად (Interessen Statt Ansprüchen).      
      ფრანგული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მედიაციას განმარტავს, როგორც მეთოდს, რომლის დროსაც მესამე პირმა, ნეიტრალურმა მხარემ ანუ მედიატორმა უნდა მოუსმინოს მხარეებს, წარუდგინოს მათ სადავო საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებები და დაეხმაროს მათ კონფლიქტს შეთანხმებით დასრულებაში.      

     საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, მედიაცია მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებულ პროცედურის, სრუქტურული მოლაპარაკების პროცესია,რომლის დროსაც დავის საბოლოოდ გადაწყვეტის უფლების არმქონე მედიატორი აქტიურად უწყობს ხელს მხარეთა შორის კომუნიკაციას,რათა შესაძლებელი გახადოს მოდავეთა თვითპასუხისმგებლობაზე დამყარებული შეთანხმების მიღწევა.

    მედიაცია გამოიყენება სასამართლო წარმოებისთვის თავის არიდების მიზნით. იგი არაფორმალური პროცესია და არ მიმდინარეობს ისეთი ოფიციალური ფორმით, როგორც სასამართლო წარმოება,პირიქით მედიატორი მხარეებს მაქსიმალურად არაფორმალურ და კომფორტულ გარემოს უქმნის რაც მათ ემოციებისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს რაც რათქმაუნდა შემდგომში დადებითად აისახება კონფლიქტის მოგვარებაზე და თუკი ემოციების გამოხატვას სასამართლო დარბაზში შესაძლოა მკაცრი სანქციაც კი მოჰყვეს,მსგავს ქმედებას მედიატორთან არათუ დასჯა არამედ ემოციური საუბრების შინაარსის გამჟღავნებასაც კი არ ექვემდებარება კონფიდენციალობის გამო.არ შეიძლება არ აიღნიშნოს დროის ეკონომიურობის ფაქტორი,თუ სასამართლო პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს მედიაციის დასრულება რამოდენიმე კვირაშია შესაძლებელი.მედიაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია მხარეების მიერ შეთანხმების მიღწევაზე, თუმცა ვთვლი რომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის თუნდაც მცირედი კომუნიკაციის შედგომა უკვე წარმატებაა. იგი არ გულისხმობს სავალდებულო პროცესს, თუმცა ეს არ ზღუდავს მხარეებს, მათ მიერ მიღწეული შეთანხმება გახადონ სავალდებულოდ შესასრულებელი.     

    მედიაცია შეიძლება მოვიაზროთ ასევე, როგორც საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების მოგვარების ახალი კულტურის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი.ამ თვალსაზრისით საუბრობენ ფსიქოთერაპიასთან მის მსგავსებაზეც.უკანასკნელის არსი მდგომარეობს გრძნობების,იმედგაცრუებების და თვით ავადმყოფობის ვერბალური გამოხატვის გზით ემოციური სიმშვიდის მოპოვებაში რასაც დავის გადაწყვეტისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს.  

    დოქტრინაში განასხვავებენ მედიაციის 5 ძირითად მიზანს: 1. Service delivery -კონკრეტული კონფლიქტის სწრაფად და საბოლოოდ მოგვარება, 2. Acces to justice - შედარებით სუსტი მხარის ინტერესების გათვალისწინება და კონფლიქტის ორივე მხარისათვის სასარგებლოდ დასრულება, 3. Individual Autonomy - კონფლიქტის გადაწყვეტის გზების მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის ძიება და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღება, 4. Reconciliation - დავის გადაწყვეტა მშვიდობიანი და არაკონფლიქტური გზით,რაც ხელს უწყობს მხარეთა შორის ურთიერთობის გამყარებას, 5. Social transformation - ერთი კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ზოგადად საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებაში.    

    საქართველოს უახლოესი წარსულის და სამართლის ისტორიის მიხედვით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების გამოყენება რაღაც თავისებურ სიახლედ ვერ იქნება მიჩნეული. სხვა საკითხია რა „დამახინჯებული“ თუ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ან „ქაღალდის გარეშე“ ფორმით არსებობდა იგი. მაგალითად უახლოესი 90–იანი წლების და უფრო გვიანდელი არაფორმალური ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტების სამედიაციო მომსახურება“ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ასევე უხუცესების როლი მთასა თუ ბარში არსებული ქართული სამართლის ისტორიის თუ რეალური სიტუაციის ჭრილში.    
    სამწუხაროდ, ვთვლი რომ, საქართველოში აქამდე შექმნილი ინსტიტუტები რომელიც მედიაციის სახელით მოიხსენიება თავისი შინარსიდან გამომდინარე მედიაციას არ წარმოადგენს,რათქმაუნდა ეს ყველაფერი არის დავების ალტერნატიული მოგვარება და მათი სახით საჭირო და კარგი ინსტიტუტები იქმნება,მაგრამ მათ სხვა სახელი უნდა ეწოდოთ და არა მედიაცია.   
    დღესდღეობით საქართველოში 17 საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მედიატორი გვყავს. რადგან იგი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგავს ვიმედოვნებ რომ მედიაციის ინსტიტუტი საკმაოდ ეფექტურად გაიდგავს ფესვებს ჩვენს ქვეყანაში და არ მოხდება მისი დამახინჯებული სახით აღქმა და განვითარება.







    ძირითადი წყარო - გიორგი ცერცვაძე ,,მედიაცია"  

    воскресенье, 17 ноября 2013 г.

    კონფლიქტი და მოლაპარაკება

        ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ტელევიზიით, ქუჩაში, სასწავლებელში: წარმოიშვა კონფლიქტი; მოლაპარაკებები მიდის კონფლიქტის თაობაზე; არსებობს დავა და ა.შ. თავად ჩვენ რამდენჯერ შევსწრებივართ კონფლიქტურ სიტუაციებს?!                 
       
    ამ საკითხის ირგვლივ ტარდება უამრავი ტრენინგ-სემინარი რომელსაც გვთავაზობს სასწავლებელი,სხვადასხვა კომპანიები მათ შორის მსხვილი კორპორაციები აქტიურად ატარებს სწავლებებს მენეჯერული კადრებისთვის,მრავლად იწერება ბესთსელერები,სტატიები,მოკლედ რომ ვთქვათ ,,იმტვრევა საუკეთესო თავები".  
    გამოდის რომ დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული სიტყვაა კონფლიქტი და მაინც რა არის ის?! - ჩვენი ყოფის უსიამოვნო, მაგრამ განუყოფელი ნაწილი თუ პიროვნების არასრულყოფილების შედეგი??!                                                                               

    ,,კონფლიქტი" ლათინური წარმოშობის სიტყვაა და შეჯახებას ნიშნავს.ეს არის  ურთიერთსაწინააღმდეგოდ განწყობილ ძალთა, საპირისპირო ინტერესთა, შეხედულებათა შეჯახება,ზოგჯერ - სერიოზული უთანხმოება, უარეს შემთხვევაში, ძლიერი გამწვავებისას - შესაძლოა შეიარაღებული შეტაკებაც კი. ასეთი შეჯახება ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება. 
    გაცილებით იშვიათია კონფლიქტის მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით მოგვარება.     ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განწყობილ, დაპირისპირებულ მხარეთა შორის იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, რომელთა დამახასიათებელი ნიშანია მხარეთა პოზიციების არათანხვედრა, აქედან კი გამოდინარეობს ინტერესების, მიზნებისა და მათი განხორციელების გზებისა და მეთოდების დაპირისპირება. 
    კონფლიქტის აღმოფხვრისა და განმუხტვისთვის აუცილებელია პოზიციათა შეჯერება, რის შედეგადაც მიიღწევა პრობლემის მოგვარების მეტ-ნაკლებად კომპრომისული ვარიანტი. ყოველგვარი დაპირისპირება, წინააღმდეგობა განსხვავებულობის შედეგია, რაც მიზნის განხორციელებისა და თვითდამკვიდრების მეტ-ნაკლებად საწინააღმდეგო მოდელებსა და ვარიანტებს წარმოშობს. 
    კონფლიქტი ამ ვარიანტების გადაკვეთაზე ყალიბდება. რადიკალური განსხვავებულობა კონფლიქტოგენური ბუნებისაა. განსხვავებული პოზიციები, მსოფლმხედველობა, ცხოვრების სტილი ბადებს კონკურენციას, აქედან კონფლიქტამდე კი ერთი ნაბიჯიღა რჩება.
     კონფლიქტი შეიძლება იყოს ურთიერთპიროვნული, სამხედრო, სახელმწითაშორისო, სამოქალაქო, კორპორაციული-საბაზრო და სხვა.

     ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული მაინც ურთერთპიროვნული კონფლიქტია თუმცა  იგი რეალურად არის ჰორიზონტის გაფართოების, პიროვნული თვისებების განვითარების, თვითდამკვიდრების და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება.

    საინტერესოა,რომ დასავლეთში მართვადი კონფლიქტი დიდი ხანია განიხილება როგორც საზოგადოებრივი პროგრესის წინაპირობა, ამიტომ იქ უცხო არ არის გარკვეული კონფლიქტური მარცვლის ჩათესვა მომწიფებულ კონიუნქტურაში, რაც ასტიმულირებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.

    კონფლიქტი ისახება და იწყება გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მოხდება მისი რეალიზება და გამოსახვა გარკვეული ესკალირებული ფორმით,მას ახასიათებს გარკვეული ფაზები და სტადიები მსგავსად ვულკანისა სანამ ამოიფრქვევა, ის, რასაც ადამიანი მხედველობის მეშვეობით აღიქვამს კონფლიქტურ ვითარებაში (არცაა გამორიცხული სასოწარკვეთილი შეძახილები: “ეს რას ხედავს ჩემი თვალები!”, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ნამდვილად ვერ!”  :) და ა. შ.), ესმის ან განიცდის ფიზიკური შეგრძნებების დონეზე – ეს არის მხოლოდ გამოვლინება იმ მრავალსაფეხერეობრივი პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა კონფლიქტის მონაწილეებს შორის. 

    დაპირისპირების და შეტაკების ელემენტები ეს არის გვირგვინი მთელი რიგი მოვლენებისა, რასაც კონფლიქტის მხარეები ავითარებენ საკუთარ თავსა და გარემოცვაში. 

    ფსიქოლოგთა აზრით,კონფლიქტმა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, შეიძლება კონსტრუქციული როლიც შეასრულოს ადამიანთა ურთიერთობაში, თუ მოხდა ამ ურთიერთობათა გარკვევა და კონფლიქტის მიზეზის გაცნობიერება.
    ხშირად კონფლიქტი ფარდას ხდის იმ პრობლემებს, რომლებზეც აქამდე არავინ ლაპარაკობდა. 

    როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი? საზოგადოებაში კონფლიქტების სრული მოსპობა შეუძლებელია სამაგიეროდ შესაძლებელია ვისწავლოთ მათი მართვა (საჭიროების შემთხვევაში ვიცოდეთ როგორ ავიცილოთ დავიდან) ან სულაც კომფლიქტში არსებული დესტრუქციული ტენდენციები ვაქციოთ კონსტრუქციულად.

     რათქმაუნდა მის გადასაჭრელად შეგვიძლია სხვადასხვა ხერხს მივმართოთ ერთ-ერთი მთავარი კი მოლაპარაკებაა,რომელიც შინაგანი გადაწყვეტილების პროცესს წარმოადგენს,ჩვენ გვასწავლიან მის სახეებს,თუ როგორ უნდა აწარმოო მოლაპარაკება რა ეტაპები უნდა გაიარო,მაგრამ რა არის იგი სინამდვილეში? 
    მოლაპარაკებები ეს არის მთელი სისტემა კომპრომისების, შანტაჟის, ვაჭრობების, გარიგებების, შეთანხმებების, მანიპულაციების, მუქარების, ფსიქოლოგიური ზეწოლის, რომელსაც პოლიტიკოსი, მეწარმე თუნდაც ვინმე სხვა უნდა ახორციელებდეს საკუთარი მიზნის მისაღწევად (და რასაც შესანიშნავად ართმევენ კიდეც თავს).

     რაც შეეხება ზოგადად პიროვნებას,მას კონფლიქტის და საზოგადოდ, ცხოვრებისეული მიზანი ზუსტად და კონკრეტულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული და აღქმული რადგან მრავალი  უნებლიეთ ქარის წისქვილებს ებრძვის და ომს არარსებულ მონსტრებს უცხადებს ხოლმე.

    მოლაპარაკებები იძლევა შესაძლებლობას კონფლიქტი არ გადავიდეს თავის ყველაზე მწვავე ფაზაში, მოხდეს მისი კონსერვაცია მომლაპარაკებლისთვის მისაღებ ეტაპზე. მართალია, არსებობს შესანიშნავი გამოთქმები: “სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ იმასთან, ვინც მზად არის ომი განაგრძოს, დანარჩენებთან კი კაპიტულაციის პირობებსაც არ ათანხმებენ”, ან “თუ მშვიდობა გსურს, ომისათვის ემზადე”; ეს სავსებით მართებული გამოთქმები არ უნდა გამოვიყენოთ ზემოთქმული იდეების უარსაყოფად. პირიქით, უნდა გავიაზროთ, რომ კომუნიკატორის ნიჭი არის სიმშვიდის, ძალის ტრანსლირება და იმავდროულად მოწინააღმდეგის საკონფლიქტო მზაობის და შეტევის დროის განჭვრეტა. კიდევ ერთი ციტატა ჭკვიანთა ნაწარმოებიდან – “…კარგი ქუჩის “მოჩხუბარი”, (ჩათვალეთ, კომუნიკატორი, მომლაპარაკებელი), 5 წუთით ადრე ხვდება, როდის დაარტყამენ!” 
    ისე არ მინდა გამომივიდეს თითქოს ეს ყველაფერი სისასტიკეა, საუბარია იმაზე, ვის რა ღირებულებების წამოწევა შეუძლია მოლაპარაკების პროცესში და რამდენად დამაჯერებელია მისი სიტყვა და ყოფაქცევა. 

    ძალის და ძალაუფლების პრეზენტაცია შესანიშნავი ფორმაა კონფლიქტის არიდებისა პირველად ეტაპზე,რადგან როდესაც კონფლიქტი გადადის გამწვავების (“ხელჩართულობის”) ფაზაში, ეს ნიშნავს, რომ მეტოქის ემოციური დაძაბულობა, საკუთარი ძალის განცდა მეტისმეტად გამძაფრებულია, ხოლო წარმოდგენა თქვენი შესაძლებლობების შესახებ მის გონებაში  საკმაოდ უმნიშვნელოა.  კონფლიქტების პრევენცია და ესკალაციის არდაშვება, ალბათ, ყველაზე უფრო მომგებიანი გზა არის კონფლიქტების მართვისა. ამიტომ ასე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შინაგანი ძალის პრეზენტაცია – თავდაჯერებული კომუნიკაცია და საკონფლიქტო მზაობის არავერბალური ტრანსლირება. როდესაც ძალაუფლების ინსტინქტი ადამიანს გახსნილი აქვს, ეს ტრანსლირება მისთვის ბუნებრივი და ძალდაუტანებელია.

    ადამიანებს ბუნებრივად სჩვევიათ დააკვირდნენ რანგისა და ძალის ნიშნებს, განსაკუთრებით ლიდერობის რეგალიებს. რათქმაუნდა ყოველთვის სასურველია არ წარმოიშვას კონფლიქტი,ან საწყისი ეტაპზევე მოხდეს მისი აღმოფხვრა და მაინც თუკი წარმოიშობა იგი, შეაფასეთ საღი გონებით პრობლემა როგორც მთლიანი არსი,აუცილებლად უნდა იცოდეთ ვინაა მეორე მხარე და სწორედ მისიდან გამომდინარე შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები რათა პრობლემა სასიკეთოდ გადაჭრათ,ამის იქით ხომ ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია ყველაფრს მიუხედავათ.